როგორ შევადგინოთ CV
CV ეს არის თქვენი სასწავლო და პროფესიული გამოცდილების, უნარებისა და ძლიერი მხარეების დემონსტრირებისათვის განკუთვნილი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს საკუთარი თავის წარდგენას იმ ადამიანის წინაშე, რომელიც არ გიცნობთ და ცოტა დრო აქვს თქვენს გასაცნობად. იგი აუცილებლად მოკლე, კომპაქტური და კარგად სტრუქტურირებული ფორმით უნდა იყოს წარმოდგენილი.
CV უამრავი პატარა დეტალის გათვალიწინებით იწერება.
ჩვენ ვეცდებით სასარგებლო რჩევებით გაგიადვილოთ ეფექტური, ხარისხიანი CV-ს შექმნა.
· პირველ რიგში დარწმუნდით, რომ საკმარისი დრო გაქვთ CV-ს შესაქმნელად. დიდი ალბათობაა, ნაჩქარევად დაწერილი დოკუმენტი დაბალი ხარისხის აღმოჩნდეს.
· შეარჩიეთ ვაკანსიისთვის შესაფერისი და თქვენთვის სასურველი ფორმატი. შეგიძლიათ გამოიყენოთ Microsoft Office-ს ბაზაში ან ინტერნეტში არსებული მზა დიზაინის ნიმუშები.
· გაითვალისწინეთ, რომ სასურველია CV არ აღემატებოდეს A4 ფორმატის ორ გვერდს.
· დოკუმენტი არ საჭიროებს სახელწოდების „CV” დაწერას
· თქვენი სახელი და გვარი გვერდის დასაწყისში უნდა იყოს დაბეჭდილი უფრო დიდი ზომის შრიფტით, ვიდრე დანარჩენი ტექსტი, თუმცა მიაქციეთ ყურადღება, რომ არ გამოვიდეს ზედმეტად დიდი, რაც ცუდი ტონის მაჩვენებელია.
· პირადი მონაცემები
- მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: ტელეფონის ნომერი და მოქმედი ელექტრონული ფოსტის მისამართი. მნიშვნელოვანია ელექტრონული ფოსტის მისამართი შეიცავდეს თქვენს სახელსა და გვარს და თავისუფალი იყოს ზედმეტი ელემენტებისგან.
- ისეთი მონაცემები, როგორიცაა საფოსტო მისამართი, ასაკი, მოქალაქეობა და ოჯახური მდგომაროება მიუთითეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას განაცხადში გთხოვენ ან ამ სახის ინფორმაციას მოითხოვს ვაკანსიით გათვალისწინებული სამსახურის ან სასწავლო პროგრამის სპეციფიკა.
· მიზანი
- CV-ს მიზანზეც იგივე პრინციპები ვრცელდება, რაც პირად ინფორმაციაზე. მისი მითითება აუცილებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნილია განაცხადით.
· სამუშაო გამოცდილება
- თუ თქვენ ხართ ახალგაზრდა, არ გაქვთ დიდი სამუშაო გამოცდილება, მაგრამ ჩართული ყოფილხართ სხვადასხვა საქმიანობაში მოხალისეს სტატუსით, შეგიძლიათ სათაურში მცირე რედაქტირება მოახდინოთ და პუნქტს „სამუშაო და მასთან დაკავშირებული გამოცდილება“ დაარქვათ, სადაც შეძლებთ მიუთითოთ თქვენს მიერ მოხალისეობრივად შესრულებული სამუშაოს, სტაჟირებების და პრაქტიკული გამოცდილების შესახებ.
- მნიშვნელოვანია თქვენი სამუშაო გამოცდილება უკუქრონოლოგიური თანმიმდევრობით განათავსოთ.
- ვაკანსიის/სასწავლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიტანეთ დოკუმენტში სამუშაო ადგილებზე თქვენი უმთავრესი მოვალეობები და მიღწევები
· განათლება
- სამუშაო გამოცდილების მსგავსად, განათებაც უკუქრონოლოგიურად იწერება, თუ თქვენ მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მფლობელი ან პრეტენდენტი ხართ, მნიშვნელოვანია თავდაპირველად დაიწეროს უკანასკნელი მათგანი.
- CV-ში არ არის საჭირო სკოლის მითითება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ თქვენ სპეციალიზებული სკოლა დაამთავრეთ და მისი სპეციფიკა პასუხობს ვაკანსიის ან სასწავლო პროგრამის მოთხოვნებს
· უნარები
- ამ პუნქტში შეგიძლიათ შეიტანოთ ენები, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და სხვა განსაკუთრებული უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული ვაკანსიით შემოთავაზებულ სამუშაო ადგილისათვის/ სასწავლო კურსისთვის და უდავოდ პრიორიტეტულს გაგხდით კანდიდატთა შორის.
- ენების პუნქტში მნიშვნელოვანია მიუთითოთ ენის ცოდნის დონე (სრულყოფილად, კარგად, საშუალოდ, სასაუბრო)
- კომპიუტერული პროგრამების მითითებისას მაქსიმალურად კონკრეტულად მიუთითეთ ის პროგრამები, რომლებსაც ფლობთ. მაგალითად, MS Word, MS Excel და ა.შ. და არა MS Office, რადგან Office შეიცავს ბევრ ისეთ პროგრამას, რომელსაც შესაძლოა არ ფლობდეთ, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა გაუგებრობის მიზეზი აღმოჩნდეს.
- CV-ში მიუღებელია თავის ქება, ისეთი თვისებებისა და უნარების მითითება, როგორიცაა „პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე“ , „ნიჭიერი“ და ა.შ., დოკუმენტში მისაღებია მხოლოდ ფაქტების შეტანა.
· ინტერესები
- ინტერესების მითითება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, თუ ისინი კავშირშია ვაკანსიის/პროგრამის სპეციფიკასთან და გააძლიერებს დამქირავებლის/პროგრამის კოორდინატორის დადებით წარმოდგენას თქვენზე.
· დარწმუნდით, რომ თქვენი CV შინაარსობრივად მაქსიმალურად შეესაბამება ვაკანსიას ან სასწავლო პროგრამას
· ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტის ვიზუალურ მხარეს. გაასწორეთ ველები, მიაქციეთ ყურადღება რომ დოკუმენტი შედგენილი იყოს ერთი და იმავე შრიფტით.
· მნიშვნელოვანი დეტალი CV-ს წერისას - დაწერეთ მხოლოდ სიმართლე, ნუ გააზვიადებთ თქვენს მიღწევებს, ეს სამომავლოდ მხოლოდ პრობლემებს შეგიქმნით, თუმცა ამავე დროს იყავით დამაჯერებელი, დაარწმუნეთ, რომ სწორედ თქვენ ხართ მათთვის შესაფერისი კანდიდატი.
გისურვებთ წარმატებებს !




მთავარი მენიუ
პარტნიორები
