როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი
სამოტივაციო წერილი, ეს არის დამატებითი დოკუმენტი, რომელიც თან ახლავს CV-ს (რეზიუმეს) ან სხვა სახის დოკუმენტს. იგი ასახავს თქვენს ინტერესს მოცემული პოზიციის ან სასწავლო კურსის მიმართ, ისევე როგორც დამატებით ინფორმაციას თქვენი კვალიფიკაციის შესახებ.
კარგი სამოტივაციო წერილის შედგენა პირველ რიგში დროს, მოთმინებას და გარკვეულ უნარ-ჩვევებს მოითხოვს.
გაითვალისწინეთ, თქვენმა სამოტივაციო წერილმა უნდა შეავსოს და არა გაიმეოროს თქვენი CV. იგი მშრალ, ფაქტებზე ორიენტირებულ CV-ს თქვენი მახასიათებელი თვისებებითა და უნარებით ავსებს. სამოტივაციო წერილმა უნდა მოახდინოს ყურადღების გამახვილება ვაკანსიასთან /პროგრამასთან შესაბამის ისეთ თვისებებზე, მიღწევებზე და უნარებზე, რომლებიც დამქირავებლის/პროგრამის ხელმძღვანელის თვალში დამატებით ღირებულებას შეგძენთ და რისი აღნიშვნაც ვერ ხერხდება CV-ში.
გაითვალისწინეთ, სამოტივაციო წერილი ერთ-ერთი საქმიანი წერილია, ამიტომ მას სადა დიზაინი უნდა ჰქონდეს, ტექსტი კი საქმიანი ენით უნდა იყოს შედგენილი.
იდეალურ შემთხვევაში სამოტივაციო წერილი ოთხი აბზაცისგან უნდა შედგებოდეს.
პირველი მათგანი ასახავს წერილის გაგზავნის მიზანს და იმას, თუ საიდან შეიტყვეთ ამ შესაძლებლობის შესახებ.
მეორე აბზაცში სასურველია აღნიშნოთ თქვენი თვისებები და კვალიფიკაცია, რომლებიც ფასეულს გხდით კონკრეტული შესაძლებლობისთვის. მოიყვანეთ მყარი არგუმენტები, ასახეთ თქვენი გამოცდილება. იყავით გულწრფელი, ნუ გააზვიადებთ თქვენს მიღწევებს, რეალურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები.
მესამე აბზაცი მოუთხრობს, თუ რატომ გსურთ აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა /პროგრამაში მონაწილეობა. აღწერეთ გარკვეული უნარების მიღების თქვენეული ინტერესი მოცემულ ვაკანსიაზე თქვენი დასაქმების ან პროგრამაში თქვენი მონაწილეობის შედეგად. წერილის ეს ნაწილი უნდა ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ თქვენ შეუცვლელ წვლილს შეიტანთ კომპანიის მუშაობაში და ამავდროულად მიიღებთ კმაყოფილებას თქვენი სამსახურისგან (სასწავლო პროგრამისგან)
ბოლო აბზაცი ასახავს თქვენს ხელმისაწვდომობას გასაუბრებისათვის.
ყურადღება მიაქციეთ მისალმებასა და საბოლოო მიმართვას, აუცილებლად დაიცავით მანძილები და ველები.
აუცილებლად წააკითხეთ სამოტივაციო წერილი იმ ადამიანებს, ვინც კარგად იცნობს თქვენს შესაძლებლობებს, გაითვალისწინეთ მათი შენიშვნები და რჩევები.
და ბოლოს, ეცადეთ იყოთ მაქსიმალურად გულწრფელი, გამოცდილი თვალი წერილშიც კი აუცილებლად შენიშნავს თქვენს ნამდვილ განწყობას.
გისურვებთ წარმატებებს!




მთავარი მენიუ
პარტნიორები
